მიოკარდიუმის ინფაქტი - 21 ივნისში 2010 - Medicine
MEDICINE   დაამატე თქვენს მიერ მოძიებული დაავადება
| RSS
სექციის კატეგორიები
დაავადებები [16]
რჩევები [1]
In English [1]
სხვა [0]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 0
სტუმარი: 0
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 21 » მიოკარდიუმის ინფაქტი
6:46 PM
მიოკარდიუმის ინფაქტი


მიოკარდიუმის ინფაქტი




გულის კუნთს სისხლით კორონარული არტერიები ამარაგებს. როდესაც კორონარულ არტერიებში თრომბი ჩნდება და სისხლის მიმოქცევა წყდება, პაციენტს ეწყება ძლიერი ტკივილი გულის არეში. ამ მდგომარეობას უცხოურ ლიტერატურაში პოპულარული ენით გულის შეტევას უწოდებენ, მისი შესატყვისი სამედიცინო ტერმინი კი მიოკარდიუმის ინფარქტი გახლავთ. "მიო" კუნთს ნიშნავს, "კარდიო" - გულს, ხოლო "ინფარქტი" არის ქსოვილის კვდომა ჟანგბადის ნაკლებობის გამო.



ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას, გულის კუნთსაც გამუდმებით სჭირდება ჟანგბადი. მისი დეფიციტის დროს გულის კუნთის უჯრედები ზიანდება, რაც ტკივილისა და ზეწოლის შეგრძნებას იწვევს. თუ გულის მკვებავ კორონარულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა არ აღდგა, გულის კუნთის უჯრედები იღუპებიან და გულის კუნთში ნაწიბური წარმოიქმნება, რომელიც არა კუნთოვანი, არამედ შემაერთებელქსოვილოვანი აგებულებისაა. გულის კუნთისთვის ჟანგბადის მიწოდების მკვეთრი უკმარისობა შესაძლოა გულის რეგულარული რიტმის დარღვევის ანუ არითმიის მიზეზადაც იქცეს. არ არის გამორიცხული, ზოგიერთი არითმია საბედისწეროც აღმოჩნდეს.


ცვლილებები კორონარულ არტერიებში
გულის შეტევა მაშინ აღმოცენდება, როცა იხშობა ერთი ან მეტი ისეთი არტერია, რომელიც გულს ჟანგბადით მდიდარი სისხლით კვებავს. ამ არტერიებს კორონარული ანუ გვირგვინოვანი არტერიები ეწოდება. ისინი მართლაც გვირგვინის მსგავსად ეხვევა გულს. კორონარული არტერიები შეიძლება შევიწროვდეს ქოლესტერინის დაგროვებისა და ამის შედეგად ეგრეთ წოდებული ათეროსკლეროზული ფოლაქის ფორმირების გამო.

ათეროსკლეროზის გამო გულის შეტევას კორონარში წარმოქმნილი ათეროსკლეროზული ფოლაქის გასკდომა და ამ არეში თრომბის ფორმირება იწვევს. თუ თრომბი დიდია, კორონარულ არტერიაში სისხლის მიმოქცევა წყდება. ფრო იშვიათად გულის შეტევის მიზეზი კორონარული არტერიების სპაზმია, რაც გულის კუნთისთვის სისხლის მიწოდებას მკვეთრად ამცირებს. აღსანიშნავია, რომ კოკაინი შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში სპაზმის მიზეზად იქცდეს.


რა ხდება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს
მიოკარდიუმის ინფარქტი არის იმ პროცესის საბოლოო სტადია, რომელიც, ჩვეულებრივ, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ყოველ წუთს გულის კუნთის სულ უფრო მეტი ნაწილი განიცდის სისხლის დეფიციტს, რის გამოც ზიანდება და კვდება. თუ გულის სისხლით მომარაგება დროულად აღდგა, დაზიანება შესაძლოა მინიმალური იყოს ან საერთოდ ავიცილოთ თავიდან.

წლების წინათ მიოკარდიუმის ინფარქტი ხშირად სრულდებოდა სიკვდილით. დღეს, მკურნალობის გაუმჯობესებული მეთოდებისა და გულის შეტევის სიმპტომთა მნიშვნელობის განმარტების წყალობით, პაციენტთა უმრავლესობა გულის შეტევის შემდეგ სიცოცხლეს ინარჩუნებს. ცხოვრების წესს - კვების ხასიათს, ფიზიკური ვარჯიშის ინტენსივობას, სტრესულ ფაქტორებს - დიდი მნიშვნელობა აქვს გულის შეტევის შემდეგ პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის.


სიმპტომები
გულის შეტევის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
მოჭერის, ზეწოლის ან შებოჭვის შეგრძნება და ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რაც რამდენიმე წუთს გრძელდება;
ტკივილი, რომელიც გულმკერდიდან ვრცელდება ბეჭების, მხრების, ზურგის, ზოგ შემთხვევაში - ქვედა ყბისა და კბილებისკენ;
გულში ტკივილის ეპიზოდების გახშირება;
გახანგრძლივებული ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
ქოშინი;
ოფლიანობა;
სიკვდილის შიში;
გულის წასვლის შეგრძნება;
გულისრევა და ღებინება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ქალებში გულის შეტევა შესაძლოა განსხვავებული სიმპტომებით წარიმართოს. ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების გარდა, მოსალოდნელია:
მუცლის ტკივილი ან გულძმარვა;
ცივი ოფლი;
თავბრუხვევა;
უჩვეულო და ერთი შეხედვით უმიზეზო სისუსტე.

ეს სიმპტომები სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა ხარისხით არის გამოხატული. გულის შეტევათა უმრავლესობა არც ისეთი დრამატულია, როგორც კინოფილმებში აჩვენებენ. ზოგიერთს სიმპტომები საერთოდ არ აქვს. ულის შეტევა შეიძლება აღმოცენდეს მუშაობისას თუ გართობისას, მოსვენებისას თუ ფიზიკური აქტივობისას. ზოგჯერ მოულოდნელდ იწყება, მაგრამ უმეტესად წინ უძღვის სიმპტომები, რომლებიც მას საათობით, დღეობით, კვირაობითაც კი უსწრებს. შეტევის ყველაზე ადრეული წინამორბედი სიმპტომი შეიძლება იყოს განმეორებითი ტკივილი გულმკერდში, რომელიც ფიზიკური დაძაბვისას აღმოცენდება, ხოლო მოსვენებისას მცირდება.


როდის უნდა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას
გულის შეტევის დროს ბევრი კარგავს ძვირფას დროს, რადგან ვერ აცნობიერებს სიმპტომების მნიშვნელობას ან არ მიმართავს ექიმს, რათა თავიდან აიცილოს "ფუჭი" ვიზიტი. სინამდვილეში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც ზრდის გადარჩენის შანსს, არის სამედიცინო დაწესებულებაში დროულად მისვლა. დადგენილია, რომ გულის შეტევის დროს გარდაცვლილთა დაახლოებით ნახევარი შეტევის დაწყებიდან პირველ საათში კვდება. ნუ დატოვებთ გულის შეტევის სიმპტომებს უყურადღებოდ, მით უფრო, თუ მათი ხანგრძლივობა 5 წუთს აღემატება. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან მიმართეთ უახლოეს კარდიოლოგიურ კლინიკას.


სადიაგნოზო გამოკვლევები
რეგულარული გამოკვლევა აუცილებელია, რათა ექიმმა დაადგინოს რისკფაქტორები, რომლებიც შეიძლება გულის შეტევის მიზეზად იქცეს, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში ექიმს მაშინ მიმართავენ, როცა გულის შეტევა უკვე დაწყებულია. ამ დროს, გარდა პაციენტის გასინჯვისა, ტარდება გამოკვლევათა მთელი წყება, რომლებიც გვეხმარება დავადგინოთ, რა არის პაციენტის ჩივილების ჭეშმარიტი მიზეზი. ეს კვლევებია:
ელექტროკარდიოგრაფია;
სისხლში ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის შესწავლა;
ექოკარდიოსკოპია - მისი მეშვეობით ადგენენ, გულის რომელი არეა დაზიანებული და როგორ იკუმშება ის;
ანგიოგრაფია - აჩვენებს კორონარული არტერიების შევიწროებას ან ბლოკირებას. კვლევისას სპეციალურ კათეტერს ქვემო კიდურის არტერიიდან გულისკენ ამოძრავებენ და გვირგვინოვან სისხლძარღვებში საკონტრასტო ნივთიერება შეჰყავთ, რის შედეგადაც არტერიები რენტგენის აპარატზე ჩნდება. გარდა ამისა, დამატებით შესაძლებელია არტერიების ბლოკირების მკურნალობა - სპეციალური ბალონით კორონარის ბლოკირებული არის გაფართოება (ბალონური დილატაცია) ან არტერიაში სპეციალური სტენტის ჩადგმა, რომელიც არტერიას გაფართოებულ მდგომარეობას უნარჩუნებს და გარკვეულწილად იცავს ხელახალი შევიწროებისგან.
გართულებები
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს აღმოცენებული გართულებები გულის კუნთში აღმოცენებულ ცვლილებებს უკავშირდება. მას შეიძლება მოჰყვეს:
არითმია ანუ გულის რიტმის დარღვევა, ზოგჯერ - ფატალურიც;
გულის უკმარისობა - შესაძლოა, გულის კუნთის დაზიანება იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, რომ გულმა ვეღარ შეასრულოს თავისი უმთავრესი ფუნქცია - ვეღარ გადაქაჩოს სისხლი მთელ სხეულში. ამის გამო ვითარდება ქოშინი, სისუსტე, ქვემო კიდურების შეშუპება. გულის უკმარისობა შესაძლოა შეტევის მოხსნისთანავე უკუგანვითარდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული ქრონიკული უკმარისობის აღმოცენებაც, რომელიც გულის კუნთის ძლიერი დაზიანების შედეგია.
გულის გახეთქვა - ინფარქტის შედეგად დასუსტებული გულის კუნთი შეიძლება გასკდეს. ეს მდგომარეობა სწრაფად სრულდება სიკვდილით.
სარქვლების დაზიანება - ინფარქტის გამო სარქვლების დაზიანებამ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს.


მკურნალობა
პაციენტმა, რომელსაც გულის შეტევა აქვს, დრო არ უნდა დაკარგოს. გახსოვდეთ: ყოველი წამი ზრდის დაზიანებული და მკვდარი უჯრედების რაოდენობას. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მიიღეთ ნიტროგლიცერინი, ერიდეთ ზედმეტ მოძრაობებს. გულის შეტევის სამკურნალოდ იყენებენ:
ასპირინს - ეს პრეპარატი შეიძლება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მედპერსონალმა შემოგთავაზოთ. ის ამცირებს სისხლში თრომბოციტების აგრეგაციას და გვეხმარება, რომ შევიწროებულ კორონარში სისხლის მიმოქცევა არ შეწყდეს.
თრომბოლიზურ საშუალებებს - ისინი შლის სისხლძარღვში არსებულ თრომბს. თრომბოლიზური პრეპარატების ადრეული გამოყენება ზრდის გულის კუნთის დაზიანების ხარისხის შემცირებისა და პაციენტის გადარჩენის შანსს.
შედედების საწინააღმდეგო სხვა საშუალებებს. ისინი გარკვეულწილად ჰგავს ასპირინს და ახალი თრომბების ფორმირებისგან გვიცავს. ამ ჯგუფის წარმომადგენელია კლოპიდოგრელი (პლავიქსი) და IIბ/IIIა რეცეპტორების სხვა ბლოკერები.
სისხლის გამათხიერებელ სხვა საშუალებებს. შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ჰეპარინი, რომელიც ზრდის სისხლის თხევადობას და ამცირებს ახალი თრომბების წარმოქმნის ალბათობას. ჰეპარინი ნემსით შეჰყავთ ინტრავენურად ან კანქვეშ. ის, წესისამებრ, მიოკარდიუმის ინფარქტის პირველ დღეებში გამოიყენება.
ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს - როცა ტკივილი ძლიერია, მას მორფინით აყუჩებენ.
ნიტროგლიცერინს - ეს პრეპარატი, რომელიც სტენოკარდიის სამკურნალოდ გამოიყენება, დროებით აფართოებს არტერიულ სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის დინებას გულიდან და გულისაკენ.
ბეტა-ბლოკერებს. ეს პრეპარატები აადვილებს გულის მუშაობას, ვინაიდან ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, აქვეითებს არტერიულ წნევას. ბეტა-ბლოკერებს შეუძლია გულის კუნთის დაზიანების შემცირება და განმეორებითი შეტევების პროფილაქტიკა.
ქოლესტერინის დამაქვეითებელ პრეპარატებს. ისინი ამცირებს სისხლში არასასურველი, ე. წ. ცუდი ქოლესტერინის შემცველობას.


რეაბილიტაცია
თუ გადაუდებელი დახმარების მიზანი მიოკარდიუმის ინფარქტის დროს გულის კუნთის შემდგომი დაზიანების თავიდან აცილებაა, მკურნალობის მიზანია გულის აღდგენა და შეტევის განმეორების პროფილაქტიკა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება რეაბილიტაცია, რომელიც მედიკამენტურ მკურნალობას, ცხოვრების წესის შეცვლას და ემოციურ სფეროზე ზემოქმედებას გულისხმობს. რასოდეს არის გვიანი იმ ღონისძიებების დაწყება, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გულის შეტევის თავიდან აცილება. პროფილაქტიკა აუცილებელია მაშინაც, როცა პაციენტს შეტევა ერთხელ უკვე ჰქონდა. ამ თვალსაზრისით მედიკამენტური მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


როგორ შევცვალოთ ცხოვრების წესი
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გაჯანსაღებისა და განმეორებითი შეტევის თავიდან ასაცილებლად:
შეწყვიტეთ თამბაქოს წევა.
იკონტროლეთ სისხლში ქოლესტეროლის დონე.
თუ დიაბეტი გაქვთ, რეგულარულად იკონტროლეთ სისხლში გლუკოზის შემცველობა.
რეგულარულად გამოცხადდით ექიმთან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის.
იკონტროლეთ სისხლის არტერიული წნევა.
ივარჯიშეთ რეგულარულად.
შეინარჩუნეთ სხეულის ნორმალური წონა.
დაიცავით ჯანსაღი კვების პრინციპი.
ერიდეთ სტრესს.
უარი თქვით ალკოჰოლიან სასმელებზე.
კატეგორია: დაავადებები | ნანახია: 2438 | დაამატა: bs-50cent | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები